
სამთავროს დედათა მონასტერი
სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი მდებარეობს საქართველოს უძველეს ქალაქში - მცხეთაში, რომელიც V ს. საქართველოს დედაქალაქი იყო. ამ წმიდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული მოციქულთასწორმა, კაპადოკიელმა ნეტარმა ქალწულმა ნინომ, სამთავროშივე აიდგა ფეხი ქართულმა ქრისტიანულმა მრწამსმა და თვითშეგნებამ, აქედან მოეფინა ნათელი სრულიად საქართველოს.
საქართველოში დედათა მონასტერი ოფიციალურად 1825 წელს კვლავ არ არსებობდა, რაც დასტურდება სინოდალური კანტორის სიებით. თუმცა, არაოფიციალურად სამთავროს დედათა მონასტრის დაარსების თარიღად 1820 წელი უნდა მივიჩნიოთ. ამ მოსაზრების საბუთად გამოგვადგება რამდენიმე ცნობა. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ 1802 წელს თავადის ქალი ნინო ამილახვარი და რამდენიმე განდეგილი დედა მისულან, აუგიათ სენაკები და ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით დასახლებულან სამთავროში. მონოზვნებს მხოლოდ შემოწირულობით უცხოვრიათ, ამასთან თურმე ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ და მცირე გასამრჯელოსაც იღებდნენ. თავიდან მხოლოდ ოთხნი ყოფილან, შემდეგ კი - სხვა დედებიც შემატებიან.
ვინაიდან იმ დროისთვის საქართველოში დედათა მონასტრები აღარ მოქმედებდნენ, ეგზარქსოს იონას გადაუწყვეტია თბილისში დედათა მონასტრის დაარსება. მას საეკლესიო მართველობისათვის დაუვალებია, გაერკვიათ სამთავროს გარდა კიდევ სად იმყოფებოდნენ მონოზვნები. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მონოზონი მთაწმნდაზე ”ფერისცვალების” ეკლესიასთან სახლობდა. ასევე, იმერეთსა და სამეგრელოში რამდენიმე ეკლესიასთან განდეგილად ცხოვრობდნენ დედები. მაგრამ იყვნენ თუ არა ისინი აღკვეცილნი მონოზვნებად, ვერ დაუდგენიათ. სამთავროში მყოფი დედების შესახებ კი ცნობები მცხეთის არქიმანდრიტ საბას მოუწოდებია.
არქიმანდრიტ საბას წვრილად გამოუკითხავს მონოზვნები, რომელთაც თავიანთ წინამძღვრად ნინო ამილახვარი დაუსახელებიათ. იმ დროისათვის (1830 წ. ) სამთავროში სულ ათი დედა მოღვაწეობდა. ესენია: ნინო ქრისტეფორეს ასული ამილახვარი, დაბადებული 1784 წელს; თეკლა გიორგის ასული ბიძინაშვილი, დაბადებული 1770 წელს; დომნა თამაზის ასული გოგნიაშვილი, დაბადებული 1780 წელს; მარიამ ზაზას ასული ეგაძე, დაბადებული 1796 წელს; თეკლე (თეონა) გიორგის ასული ბერიძე, დაბადებული 1772 წელს; თათიანა ევსტატეს ასული ბიჭიკაშვილი, დაბადებული 1769 წელს; ქრისტინე ბესის ასული ოქროპირიძე, დაბადებული 1799 წელს; მარიამ გიორგის ასული გუდაბერიძე, დაბადებული 1777 წელს; მელანია ლაზარეს ასული მჭედლიშვილი, დაბადებული 1804 წელს; დარეჯან გიორგის ასული კობახიძე, დაბადებული 1805 წელს.
ამ დედებს დაუწყიათ მოღვაწეობა ნინო ამილახვრის წინამძღვრობით და საფუძველი ჩაუყრიათ წმიდა ნინოს დედათა მონასტრისთვის. 1827 წელს მონოზვნებს აღუდგენიათ წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია და 1828 წლის 14 იანვარს წმიდა ნინოს ხსენების დღეს მის სახელზევე უკურთხებიათ. ვინაიდან სამთავროში ღვაწლმოსილი დედების ნებით აღმდგარა სამონასტრო ცხოვრება, ამიტომ საეკლესიო მართველობას 1830-იან წლებში დედათა მონასტრის ოფიციალურად დამტკიცება განუზრახავთ. სამწუხაროდ, იმ დროს მონასტრის დამტკიცება ვერ მოხერხდა. მონასტრის დამაარსებელი ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 1839 წელს. იგი დაკრძალულია ”მაყვლოვანში”, წმიდა ნინოს ეკლესიისთან. ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: ”ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონოზონისა ნინასასა, რომელმაც დააარსა მონასტერი ესე 1820 წელს და გარდაიცვალა 1839 წელს თებერვალსა 11-ს”. მონოზონ ნინოს დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა სეკლესიო მართველობა, რათა მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროსადმი.ნინო ამილახვრის საქმე გააგრძელეს მისმა აღზრდილებმა და 1857 წლის 18 ივნისს სამთავროს დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა.
მონასტრის წინამძღვრად ეგზარქოსმა ისიდორე ნიკოლსკიმ (1844-1868 წწ.) 1846 წლის 19 ნოემბერს დანიშნა სამეგრელოს თავადის ხიტუ ფაღავას ასულიდარია ფაღავა. წინამძღვარი დარია ფაღავა და მცხეთის ”სობორის” დეკანოზი იოსებ ბარისოვი შეუდგნენ მონასტრის აღდგენის საქმეს. ამ პერიოდის სამშენებლო საქმიანობა დეტალურად განხილულია რამდენიმე სქელტანიან საქმეში. წინამძღვარი დარია ფაღავა გარდაიცვალა 1853 წლის დასაწყისში. თუმცა ამ მოკლე დროშიც შეძლო ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება სამთავროსათვის და რაც უმთავრესია, მისი ძალისხმევით მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის დამტკიცება ოფიციალურ მონასტრად. დედა დარია ატარებდა სამთავროს პირველი იღუმენიას წოდებას. დარია ფაღავას გარდაცვალების შემდეგ მის მოვალეობას ასრულებდა მონოზონი ქრისტინე ოქროპირიძე; ის შემდეგ კი - მინადორა ავთანდილის ასული ფურცელაძე, რომელმაც მისი მოღვაწეობის მცირე დროშიც მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა.
1863 წლის 15 სექტემბეს გარდაცვლილი იღუმენია მინადორას ნაცვლად ამავე წლის 8 ოქტომბერს მონასტრის გამგებლად დაუნიშნავთ ნინო (ანა ამილახვარი), ხოლო 1865 წლის 8 ოქტომბერს მონოზონი ნინო ამილახვარი (უმცროსი) ეგზარქოს ევსევის იღუმენიის ხარისხში აუყვანია. ნინო ამილახვარი მონასტერს 40 წლის განმავლობაში წინამძღრობდა. იგი იყო მონასტრის პირველი წინამძღრების - უფროსი ნინო ამილახვრის, დარია ფაღავასა და მინადორა ფრცელაძის წმინდა საქმის ღირსეული გამგრძელებელი. მისი ძალისხმევით შეკეთდა სამთავროს ტაძარი, აიგო ახალი სამონასტრო შენობები, დაარსდა ობოლ გოგონათა სასწავლებელი, აშენდა ახალი გუმბათიანი ეკლესია. ნინო ამილახვრის დაუშრეტელმა ენერგიამ და მუდმივმა ღვაწლმა სამთავრო საქართველოს უპირველეს დედათა სავანედ აქცია.
http://wikimapia.org/
http://samtavro.ge/index.php?m=406


ჯვრის დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (20,216,5მ, სიმაღლე -25 მ-მდე.) მონასტრის გეგმის საფუძველს შეადგენს კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი. ხუროთმოძღვარმა კარგად შეუხამა ერთმანეთს მონასტრის ინტერიერი და ექსტერიერი. მან ფასადების გადაწყვეტა ადგილმდებარეობას დაუმორჩილა. დასავლეთ ფასადის დანახვა შეიძლება მხოლოდ შორიდან, მცხეთიდან, ამიტომ იგი ნაკლებადაა დანაწევრებული, ამასთან მოურთავია. ჩრდილოეთ ფასადს ნაწილობრივ ადრე აგებული ეკლესია ფარავს, რის გამოც იქ კომპოზიცია მხოლოდ მასებით იქმნება. აღმოსავლეთისა და სამხრეთის აფსიდებს კი თავისუფალი მისადგომები აქვს და ოსტატიც მათზე აკეთებს აქცენტს. რელიეფებსა და ჩუქურთმას მაღალი გემოვნებით ანაწილებს. მორთულობიდან მთავარს აღმოსავლეთის ფასადზე გამოხატულ ქტიტორთა სამი რელიეფი წამოადგენს. ცენტრალურ რელიეფზე გამოსახულია მუხლმოყრილი სტეფანოზ ერისმთავარი, მარცხნივ – დემეტრე, მარჯვნივ – ადარნასე. სამხრეთის კარის ზემოთ არაჩვეულებრივი სიცხოველითაა გამოხატული ჯვრის ამაღლების სცენა. ხოლო ზემოთ, სარკმლის თავზე ქობულ სტეფანოზის გამოსახულებაა. თუ ერისმთავრების გამოსახულებაში დიდებულება ჩანს, იგივე არ ითქმის გუმბათის ყელზე განმარტოებით მოცემულ რელიეფზე. აქ ვედრების პოზაში ხუროთმოძღვარმა თავისი თავი გამოსახა. ერისმთავართა ბარელიეფებს მრავალმხრივ საინტერესო წარწერები გააჩნია. ისინი ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის ადრეული ნიმუშებია. მცხეთის ჯვრის ტაძარი საქართველოში ჯვარგუმბათოვანი არქიტექტურის პირველი და საუკეთესო ნიმუშია. მასში გამოვლინდა ქართველ არქიტექტორთა რამდენიმე თაობის შემოქმედებითი ძიება. ასეთი სრულყოფილი ნაწარმოები სანატრელია ყველა ქვეყნისათვის. იგი ჭეშმარიტად ამშვენებს არქიტექტურის საგანძურს.
ჯვრის მცირე ეკლესია მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდილოეთით. გადმოცემით ცნობილია, რომ ჯვრის მცირე ტაძარი აშენებულია ქართლის პირველი ერისმთავრის – გვარამის მიერ. გარედან იგი ორფერდა სახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობაა. შიგნით ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს. შუაში კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის გარეშე). ნაშენია კარგად გათლილი, მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წყობის ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება ფასადებსა და ინტერიერში მკაცრადაა დაცული. ტაძრის სამხრეთითა და ჩრდილოეთით განლაგებულია კარიბჭეები. სამხრეთის კარიბჭე დიდსა და მცირე ტაძარს აერთებს. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით თაღოვანი ნიშია, რომელშიც გამოსახულია განედლებული ჯვარი. ვარაუდობენ, რომ ამ ნიშში კათალიკოსის ტახტი იდგა. აბსიდის იატაკი ერთი საფეხურით არის აწეული, საკურთხევლის კონქი თავიდან მოზაიკით ყოფილა შემკობილი, რომელიც დღეს უკვე წაშლილია. ეკლესია დგას მაღალი თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე, რომელიც შენობას საზეიმო იერს ანიჭებს. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია: სახურავი და კამარა ჩანგრეულია, იატაკი – აყრილი, ფასადის კვადრები – ამოცვენილი. ეკლესიის ცენტრალური კვადრატი უფრო მაღალია, ვიდრე შენობის დანარჩენი ნაწილები. იგი გადახურული ყოფილა ჯვაროვანი კამარით. ჯვრის მკლავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები შედარებით დაგრძელებულია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია განიერი ბემით. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში მოზრდილი სარკმლებია, ხოლო დანარჩენ ორ კედელში – ტიმპანებიანი გასასვლელები.
ქართული ასომთავრული დამწერლობის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუში ამოკვეთილია ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის რელიეფებზე, ტაძრის შუაში აღმართული ჯვრის კვარცხლბეკზე (კვარცხლბეკის შემორჩენილი ნაწილი წარწერის ფრაგმენტითურთ ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში), ტაძრის სამხრეთ – დასავლეთ კუთხის ოთახის შესასვლელის თავსა და კედლის მოპირკეთების ცალკეულ ფილებზე. ყველა წარწერა თანადროულია და მათში მოხსენიებული ისტორიული პირების, კერძოდ, სტეფანოზის ქართლში ერისმთავრობის დროის მიხედვით თარიღდება (VI-VII საუკუნეების მიჯნა).