Wednesday, January 23, 2013

სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი


    
                                         
                                                     სამთავროს დედათა მონასტერი 
   სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი მდებარეობს საქართველოს უძველეს ქალაქში - მცხეთაში, რომელიც V ს. საქართველოს დედაქალაქი იყო. ამ წმიდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული მოციქულთასწორმა, კაპადოკიელმა ნეტარმა ქალწულმა ნინომ, სამთავროშივე აიდგა ფეხი ქართულმა ქრისტიანულმა მრწამსმა და თვითშეგნებამ, აქედან მოეფინა ნათელი სრულიად საქართველოს.

    საქართველოში დედათა მონასტერი ოფიციალურად 1825 წელს კვლავ არ არსებობდა, რაც დასტურდება სინოდალური კანტორის სიებით. თუმცა, არაოფიციალურად სამთავროს დედათა მონასტრის დაარსების თარიღად 1820 წელი უნდა მივიჩნიოთ. ამ მოსაზრების საბუთად გამოგვადგება რამდენიმე ცნობა. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ 1802 წელს თავადის ქალი ნინო ამილახვარი და რამდენიმე განდეგილი დედა მისულან, აუგიათ სენაკები და ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით დასახლებულან სამთავროში. მონოზვნებს მხოლოდ შემოწირულობით უცხოვრიათ, ამასთან თურმე ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ და მცირე გასამრჯელოსაც იღებდნენ. თავიდან მხოლოდ ოთხნი ყოფილან, შემდეგ კი - სხვა დედებიც შემატებიან.
    ვინაიდან იმ დროისთვის საქართველოში დედათა მონასტრები აღარ მოქმედებდნენ, ეგზარქსოს იონას გადაუწყვეტია თბილისში დედათა მონასტრის დაარსება. მას საეკლესიო მართველობისათვის დაუვალებია, გაერკვიათ  სამთავროს გარდა კიდევ სად იმყოფებოდნენ მონოზვნები. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მონოზონი მთაწმნდაზე ”ფერისცვალების” ეკლესიასთან სახლობდა. ასევე, იმერეთსა და სამეგრელოში რამდენიმე ეკლესიასთან განდეგილად ცხოვრობდნენ დედები. მაგრამ იყვნენ თუ არა ისინი აღკვეცილნი მონოზვნებად, ვერ დაუდგენიათ. სამთავროში მყოფი დედების შესახებ კი ცნობები მცხეთის არქიმანდრიტ საბას მოუწოდებია.
   არქიმანდრიტ საბას წვრილად გამოუკითხავს მონოზვნები, რომელთაც თავიანთ წინამძღვრად ნინო ამილახვარი დაუსახელებიათ. იმ დროისათვის (1830 წ. ) სამთავროში სულ ათი დედა მოღვაწეობდა. ესენია: ნინო ქრისტეფორეს ასული ამილახვარი, დაბადებული 1784 წელს; თეკლა გიორგის ასული ბიძინაშვილი, დაბადებული 1770 წელს; დომნა თამაზის ასული გოგნიაშვილი, დაბადებული 1780 წელს; მარიამ ზაზას ასული ეგაძე, დაბადებული 1796 წელს; თეკლე (თეონა) გიორგის ასული ბერიძე, დაბადებული 1772 წელს; თათიანა ევსტატეს ასული ბიჭიკაშვილი, დაბადებული 1769 წელს; ქრისტინე ბესის ასული ოქროპირიძე, დაბადებული 1799 წელს; მარიამ გიორგის ასული გუდაბერიძე, დაბადებული 1777 წელს; მელანია ლაზარეს ასული მჭედლიშვილი, დაბადებული 1804 წელს; დარეჯან გიორგის ასული კობახიძე, დაბადებული 1805 წელს.
   ამ დედებს დაუწყიათ მოღვაწეობა ნინო ამილახვრის წინამძღვრობით და საფუძველი ჩაუყრიათ  წმიდა ნინოს დედათა მონასტრისთვის. 1827 წელს მონოზვნებს აღუდგენიათ წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია და 1828 წლის 14 იანვარს წმიდა ნინოს ხსენების დღეს მის სახელზევე უკურთხებიათ. ვინაიდან სამთავროში ღვაწლმოსილი დედების ნებით აღმდგარა სამონასტრო ცხოვრება, ამიტომ საეკლესიო მართველობას 1830-იან წლებში დედათა მონასტრის ოფიციალურად დამტკიცება განუზრახავთ. სამწუხაროდ, იმ დროს მონასტრის დამტკიცება ვერ მოხერხდა. მონასტრის დამაარსებელი ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 1839 წელს. იგი დაკრძალულია ”მაყვლოვანში”, წმიდა ნინოს ეკლესიისთან. ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: ”ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონოზონისა ნინასასა, რომელმაც დააარსა მონასტერი ესე 1820 წელს და გარდაიცვალა 1839 წელს თებერვალსა 11-ს”. მონოზონ ნინოს დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა სეკლესიო მართველობა, რათა მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროსადმი.ნინო ამილახვრის საქმე გააგრძელეს მისმა აღზრდილებმა და 1857 წლის 18 ივნისს სამთავროს დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა.
   მონასტრის წინამძღვრად ეგზარქოსმა ისიდორე ნიკოლსკიმ (1844-1868 წწ.) 1846 წლის 19 ნოემბერს დანიშნა სამეგრელოს თავადის ხიტუ ფაღავას ასულიდარია ფაღავა. წინამძღვარი დარია ფაღავა და მცხეთის ”სობორის” დეკანოზი იოსებ ბარისოვი შეუდგნენ მონასტრის აღდგენის საქმეს. ამ პერიოდის სამშენებლო საქმიანობა დეტალურად განხილულია რამდენიმე სქელტანიან საქმეში. წინამძღვარი დარია ფაღავა გარდაიცვალა 1853 წლის დასაწყისში. თუმცა ამ მოკლე დროშიც შეძლო ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება სამთავროსათვის და რაც უმთავრესია, მისი ძალისხმევით მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის დამტკიცება ოფიციალურ მონასტრად. დედა დარია ატარებდა სამთავროს პირველი იღუმენიას წოდებას. დარია ფაღავას გარდაცვალების შემდეგ მის მოვალეობას ასრულებდა მონოზონი ქრისტინე ოქროპირიძე; ის შემდეგ კი - მინადორა ავთანდილის ასული ფურცელაძე, რომელმაც მისი მოღვაწეობის მცირე დროშიც მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა.
1863 წლის 15 სექტემბეს გარდაცვლილი იღუმენია მინადორას ნაცვლად ამავე წლის 8 ოქტომბერს მონასტრის გამგებლად დაუნიშნავთ ნინო (ანა ამილახვარი), ხოლო 1865 წლის 8 ოქტომბერს მონოზონი ნინო ამილახვარი (უმცროსი) ეგზარქოს ევსევის იღუმენიის ხარისხში აუყვანია. ნინო ამილახვარი მონასტერს 40 წლის განმავლობაში წინამძღრობდა. იგი იყო მონასტრის პირველი წინამძღრების - უფროსი ნინო ამილახვრის, დარია ფაღავასა და მინადორა ფრცელაძის წმინდა საქმის ღირსეული გამგრძელებელი. მისი ძალისხმევით შეკეთდა სამთავროს ტაძარი, აიგო ახალი სამონასტრო შენობები, დაარსდა ობოლ გოგონათა სასწავლებელი, აშენდა ახალი გუმბათიანი ეკლესია. ნინო ამილახვრის დაუშრეტელმა ენერგიამ და მუდმივმა ღვაწლმა სამთავრო საქართველოს უპირველეს დედათა სავანედ აქცია.






http://wikimapia.org/ 
http://samtavro.ge/index.php?m=406

No comments:

Post a Comment